შინაგან საქმეთა სამინისტრო კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრთან (EADRCC) ერთად,
22-28 სექტემბერს კატასტროფების შედეგებზე რეაგირების საველე ვარჯიშს „საქართველო 2012“-ს ჩაატარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები ევროატლანტიკურ პარტნიორთა საბჭოდან (EAPC), ასევე, 13 ქვეყნის ოფიცრები.
სულ, წვრთნაში ათასზე მეტი პირი ჩაერთვება, რომლებიც ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო და სამხედრო ჯგუფის წევრები არიან სხვადასხვა სახის საგანგებო სიატუაციებზე რეაგირების გამოცდილებით. ვარჯიშს 60-მდე დამკვირვებელი დაესწრება.
სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო 2012“ ნატოს და მის პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას მისცემს პრაქტიკაში გამოსცადონ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმები და თავისი შესაძლებლობები, ასევე, გააღრმავონ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების სფეროში.
ვარჯიშის სცენარი ითვალისწინებს ძლიერ მიწისძვრას, რომელიც თბილისის შემოგარენში მოხდება, რაც დიდი ოდენობით მსხვერპლს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფართო მასშტაბიან ნგრევას გამოიწვევს, ასევე, ქიმიური ნივთიერებების დაღვრას და რადიაციის მაღალ დონეს.
წვრთნისას ნატო და მისი პარტნიორი ქვეყნები პრაქტიკაში გამოიყენებენ დადგენილ პროცედურებს და გამოცდიან თავის შესაძლებლობებს კატასტროფებზე რეაგირების უნარების გაუმჯობესების მიზნით. ვარჯიში ასევე ხელს შეუწყობს დაზარალებულ ქვეყნებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კატასტროფებს და მოახდინონ ეფექტური კოორდინაცია შედეგების სალიკვიდაციო ოპერაციებისას.
ვარჯიში შემდეგი ფაზებისგან შედგება: 22-24 სექტემბერი - ადგილობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მონაწილეთა ტრენინგი და სამეთაურო ვარჯიში.
25-26 სექტემბერი - საველე ვარჯიში პოლიგონზე, 27 სექტემბერი-შეფასება, VIP დღე, დემონსტრაციები (საჩვენებელი სწავლება) და დახურვის ცერემონია.
2000 წლიდან დღემდე ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში „საქართველო 2012“ მეთოთხმეტე საველე ვარჯიშია, რომელსაც „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრი" ატარებს.

















