თავდაცვის სამინისტრო „სამხედრო ქალაქში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების 1000 სამხედრო მოსამსახურეს სექტემბერში, ახალ ბინას გადასცემს.
სამინისტროს ინფორმაციით, ბინებს ის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოთხი და მეტი წელია მსახურობენ და საკუთარი ბინის არ ქონის გამო, ქირით ან ნათესავებთან ცხოვრება უწევთ.
სახელმწიფოსგან ბინები გადაეცემა შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლს - ასმეთაურების დონეზე. მომავალი წლის მარტში, „სამხედრო ქალაქში“ ახალ ბინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ 1000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს.
თბილისში ისანი–სამგორის რაიონში „სამხედრო ქალაქის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.
სამინისტროს ცნობით, ,,სამხედრო ქალაქში’’ ამჟამად შენობებში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
„სამხედრო ქალაქის“ მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ამჟამად, ექსპლუატაციაში ერთი კორპუსია შესული, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ცხოვრობენ.

















