საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში,
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყების მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრით დაიწყო.
„დღეს 4 აპრილია - ნატოს დაარსებიდან 70 წლისთავი და განსაკუთრებით დღეს, სიმბოლურად, თქვენთან ანგარიში მინდა, სწორედ, იმ პროგრესით დავიწყო, რომელიც საქართველოს, ნატოს მიერ ერთ-ერთ ყველაზე სანდოდ აღიარებულ პარტნიორს აქვს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ხელისუფლებისთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი არის, სწორედ, ნატოში ინტეგრაცია და მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ნატოსთან ურთიერთობის 27-წლიანი ურთიერთობის ფარგლებში, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი დინამიკური, პოზიტიური და მასშტაბური, როგორიც დღეს არის.“ ლევან იზორიას განცხადებით, ამის ნათელი დადასტურებაა გასულ კვირას დასრულებული უპრეცედენტო „ნატო-საქართველოს სწავლება 2019.“ „პირველად საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დაეკისრა პასუხისმგებლობა აღნიშნული წვრთნების როგორც დაგეგმვის, ისე აღსრულების ნაწილში აიღოს სრული პასუხისმგებლობა და ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ალიანსის წინაშე ღირსეულად შევასრულეთ,“ - აღნიშნა მან.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში „ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის“ განვითარების კუთხით უპრეცედენტო დინამიკაა და ეს არის ერთ-ერთი ამბიციური ინიციატივა, რომლის ფარგლებში „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ განხორციელდა. მან ყურადღება ნატოს გენერალური მდივნისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა.
ლევან იზორიამ ნატოსთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიაა „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი”( SNGP) და აღნიშნა, რომ SNGP კონფერენციაზე საქართველო დასახელდა, როგორც სამაგალითო და სამოდელო ქვეყანა, ნატოს სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი ნატოს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშებშიც სათანადოდ აისახა.
მინისტრმა ნატოს გადაწყვეტილებაც გააჟღერა, რომ 2020 წელს „ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“ თავის ოპერაციულ ფუნქციებს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ფარგლებში განახორციელებს: „ნატო მუდმივ საწყისებზე განსაზღვრავს 5 პოზიციას, სადაც ნატოს წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი. ეს არის იმ კონკრეტული პრინციპის განხორციელება, რასაც ჰქვია მეტი ნატო საქართველოში და საქართველო უფრო მეტად ნატოში.
მინისტრმა ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტზეც ისაუბრა, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცება და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ მიმართულებითაც პროგრესი აქვს: „ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ეს უსაფრთხოება უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნატოსთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში“.

















