საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, კასპში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გელა თიგიშვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. მისი იდენტიფიცირება რამდენიმე დღის წინ, დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და მათ თანადგომა აღუთქვა.
დაკრძალვის ცერემონიის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაულმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული სამხედროს ხსოვნას ზალპით მიაგო პატივი.
გელა თიგიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან მსახურობდა. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და მედლით - „სამშობლოსათვის თავდადებული“.

















