საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის ინიციატივით, რუმინეთის საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩთან, რადუ-ლივიუ ჰორუმბასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გივი მიქანაძემ რუმინელ დიპლომატს 9-10 სექტემბერს, თბილისში შავი ზღვის აუზის რეგიონის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელთა მონაწილეობით ორდღიანი კონფერენციის გამართვის თაობაზე პარლამენტის აპარატის ინიციატივა გააცნო და აღნიშნულ საკითხზე ბრიუსელში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და მის მოადგილესთან გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ჩვენ მივიღეთ წინასწარი თანხმობა მზაობაზე, რომ თბილისის კონფერენცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით ჩატარდება და მასში მონაწილეობას ასამბლეის გენერალური მდივანი, შავი ზღვის აუზის რეგიონის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსები და აღნიშნული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წევრები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის უმაღლესი რადას აპარატის უფროსი მიესალმა და უკვე თანხმობა განაცხადა კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსის ინფორმაციით, კონფერენციის ფორმატი ჩარჩო ხელშეკრულების ან შეთანხმების ხელმოწერას არ ითვალისწინებს და მისი მიზანია რეგიონში ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების ადმინისტრაციების დაახლოება, საერთო მიზნების და გამოწვევების განსაზღვრა და ერთობლივი ძალისხმევით კონკრეტული ქმედებების განხორციელება.
„კონფერენციის გამართვა იქნება საწყისი ეტაპი იმისა თუ როგორ შეიძლება რეგიონის ქვეყნებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლის წინაშეც თითოეული მათგანი დგას. ღონისძიების ფარგლებში განიხილება რეგიონის დონეზე პირდაპირი თანამშრომლობის და კომუნიკაციის საკითხებიც“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
რუმინეთის ელჩი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და პარლამენტის აპარატის უფროსს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში იგი ერთი კვირით მიემგზავრება ბუქარესტში და კონფერენციის საკითხებზე ელჩი პარლამენტის ადმინისტრაციას წინასწარ ინფორმაციას მიაწვდის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებით, გივი მიქანაძე მარტში ბუქარესტში, სოფიასა და ანკარაში თავის კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
რუმინელ დიპლომატთან გამართულ შეხვედრაზე გივი მიქანაძემ რადუ-ლივიუ ჰორუმბას საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ მიმდინარე აქტივობებზე და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია გააცნო.

















