2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურის იდენტიფიცირება
მოხდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, დნმ-ის ანალიზის შედეგების შესაბამისად, სერჟანტ ზურაბ გიორგის ძე ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის გელა ვაჟას ძე თიგიშვილის იდენტიფიცირება მოხერხდა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გმირულად დაღუპულთა ოჯახებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო მოსამსახურეები IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ. სერჟანტი ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, უფროსი სერჟანტი თიგიშვილი კი, 2006 წლიდან.
მათ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი - „სამშობლოსათვის თავდადებული“ აქვთ მიღებული .
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

















