ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება - „დიდგორი 2012“ დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახურვის
ცერემონიას თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე ესწრებოდნენ.
სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის პირველმა პირებმა სწავლების მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით გავლის სერტიფიკატები გადასცეს.
„დიდგორი 2012“ ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ჩატარდა. სწავლების მიზანი სამეთაურო რგოლის მართვის უნარების დახვეწა იყო.
სწავლების მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები პირობითი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ და დაკისრებულ დავალებებს ოპერატიულად ასრულებდნენ. წვრთნების დროს რეალობასთან მიახლოებულ სპეციალურ სიმულატორებს იყენებდნენ.
3T-ს კონცეფციიდან გამომდინარე, სამეთაურო-საშტაბო სწავლებებს შეიარაღებული ძალების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

















