საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ის ევროპის სარდალ კონტრადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შორის იქნა მიღწეული.
შეთანხმების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება.
კონტრადმირალი მარკ მონტგომერი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეა.
მანამდე, ამერიკელი კონტრადმირალი სამხედრო-საზღვაო ოპერაციების სტრატეგიულ სფეროს კურირებდა, რომლის მთავარი ფუნქცია სამხედრო-საზღვაო სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შემუშავება და განხორციელება იყო.

















