საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების ბაზაზე სპეციალური სწავლება გაიმართა.
მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
სპეციალური ოპერაციების დანაყოფის სამხედროებმა სხვადასხვა სასწავლო უბანზე რამდენიმე ტიპის ამოცანა შეასრულეს, სადაც ჩართული იყო საცეცხლე მომზადებისა და ტაქტიკური მომზადების ელემენტები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ახალი 3T-ს კონცეფციაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური თავდაცვაა. ამ მიმართულებით კი სპეციალური ოპერაციების დანაყოფს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
მათივე ცნობით, სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების ბაზა უახლესი ტექნიკით და აპარატურითაა აღჭურვილი. ტერიტორიაზე არსებობს მაღალი ხარისხის სავარჯიშო ცენტრი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა. სამხედრო ბაზაზე მუდმივად ხორციელდება სპეციალური ვარჯიშები, რისთვისაც ბაზას საკუთარი სასროლეთი და სხვადასხვა სასწავლო უბანი გააჩნია. სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების ყველა სამხედრო მოსამსახურეს გავლილი აქვს საფუძვლიანი სამედიცინო დახმარების კურსი. თითოეულ მათგანს შეუძლია დაჭრილ თნამებრძოლს შესაბამისი დახმარება ოპერატიულად აღმოუჩინოს. ამასთანავე, სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების სამხედროები აღჭურვილნი არიან უახლესი შეიარაღებით და აღჭურვილობით.

















