პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა 1 აგვისტოს დაიწყება.
ბრძანებულების თანახმად, შსს-ს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში 1 450 წვევამდელი უნდა იქნეს გაწვეული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1 300 წვევამდელით განისაზღვრა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში 6 772 წვევამდელი უნდა გაიწვიონ.
ბრძანებულება ძალაშია და 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ გაწვევისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება, ვალდებული არიან საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში გამოცხადდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ძალოვანი სტრუქტურებიდან მოთხოვნა წვევამდელთა რაოდენობაზე გაიზარდა. წვევამდელთა ჩარიცხვა 10 აგვისტოდან დაიწყება, ხოლო მანამდე გაწვევისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.
გაწვევა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა, შესაძლებელია პროცესი მანამდეც დასრულდეს.

















