თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების
თავდაცვის მდივანთან ცალკეულმა მედიასაშუალებებმა არ გააშუქეს, რაც გულდასაწყვეტია.
როგორც ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყნის საგარეო კურსი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ კურსს, რასაც ხალხი ირჩევს და რასაც ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება ჰქვია. როდესაც ვხვდები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ბატონ მატისს, რომელიც სასაუბროდ 45 წუთს გვითმობს და ეს შეხვედრა ცალკეულ სტელევიზო საშუალებებში არ შუქდება, ჩემთვის ძალიან გულსატკენი ფაქტია. მე შეიძლება ბრალდებები გაღიმებულმა მოვისმინო, რადგან მართალი ვარ, გარკვეულ კრიტიკას ძალიან მშვიდად და საღი გონებით შევხვდე, მაგრამ ასეთი ფაქტების მიმართ ახსნას ვერ ვპოულობ. ეს არის ზეპარტიული თემა, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება და გამოწვევა, რომ ამ ჰიბრიდული შემოტევების პირობებში, ჩვენ ერთი ცენტრალური ხაზი გამოვკვეთოთ, სადაც საგარეო კურსს მაქსიმალური ძალისხმევით დავუჭერთ მხარს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინე, არა ჩემთვის ან ჩემი მეგობრისთვის, არამედ მოსახლეობისთვის. ამის შესახებ კი ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან მოსახლეობის ინფორმირება არ მომხდარა, რაც გულდასაწყვეტია“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

















