თბილისში მყოფი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი
საქართველოს თავდაცვის მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, კერძოდ კი, ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე, წვრთნებსა და სამხედრო დოქტრინების განვითარებაზე.
საუბარი ასევე შეეხო ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიაში.
გენერალ-ლეიტენანტმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამო.
დღესვე, ამერიკელმა გენერალმა შეხვედრები გამართა მინისტრის მოადგილესთან მაია სიფრაშვილი-ლისთან, გაერთიანებული შტაბის უფროსთან გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძესთან და გაერთიანებული შტაბის სხვა მაღალჩინოსნებთან.
ვიზიტის ფარგლებში, დღესვე, იგი აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრისა (JMRC) და საქართველოში კუბიკის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) მიერ ქართველი სამხედროებისთვის ორგანიზებულ სემინარს დაესწრო.
ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ამერიკული ჯარების ოპერაციების კოორდინაციაზე 51 ქვეყანაში.
გენერალ-ლეიტენანტი ჰერტლინგი საქართველოდან 18 ივლისს გაემგზავრება.

















