„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 წლის“ კონფერენციის
ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმების პირველი ეტაპი. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე გადავედით მეორე ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი ტერიტორიული თავდაცვის, შეკავებისა და მდგრადობის გაუმჯობესებაზე კეთდება“- განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის განცხადებითვე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეფორმების წარმატებით განხორციელებას, რადგან ის ემყარება უწყებათშორის ერთიან მიდგომას თავდაცვის შესახებ, რაც ეროვნული მდგრადობის საფუძველია.
„ერთობლივი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ, რომელსაც თან ერთვის მიმდინარე თავდაცვის რეფორმები აძლიერებს საქართველოს შეკავებისა და მდგრადობის პოტენციალს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მესამე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება გვეხმარება, მივაღწიოთ ჩვენს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზანს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

















