თბილისში დღეს ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი ჩამოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, იგი მთავრობასა და სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრებზე საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობისა და წვრთნების საკითხებს განიხილავს.
გენერალ-ლეიტენანტი ჰერტლინგი საქართველოს 2011 წლის ივლისშიც სტუმრობდა.
ამერიკის არმიის მეთაური ამერიკული ჯარების ოპერაციების კოორდინაციაზე 51 ქვეყანაშია პასუხისმგებელი. ევროპაში ამერიკული არმია წვრთნის და მართავს შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო ძალებს გლობალური საქმიანობისთვის ამზადებს.
ევროპაში, ამერიკული არმიის მეთაურობამდე გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის წვრთნებისა და დოქტრინის სარდლობის მეთაურის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი - პირველი ჯავშანსატანკო დივიზიის მეთაურად მსახურობდა, სადაც სამსახურის უმეტესი ნაწილი ერაყში გაატარა.

















