თავდაცვის ახალმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს, საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები მიიღო.
სამინისტროს ინფრომაციით, თავდაცვის მინისტრის რანგში დიმიტრი შაშკინი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. მან ელჩებს და ატაშეებს თავდაცვის უწყების სამომავლო ამოცანები და სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
ამერიკელი რეინჯერების სლოგანი - "ჩვენ არც ერთ ადამიანს არ ვტოვებთ", რომელსაც ქართულ რეალობაში -“არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ” ემატება, დღეიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სლოგანი ხდება.
მინისტრმა დიპლომატებს თავდაცვის სამინისტროს ახალი - სამი T-ს კონცეფცია გააცნო, რომელზეც სამინისტროს თანამშრომლებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.
პირველი T – Total Care თითოეულ სამხედროსა და მის ოჯახზე სახელმწიფოს ზრუნვას გულისხმობს. მეორე T - Total Training-ია, რაც შეიძლება მეტი სწავლა და ვარჯიში იმისთვის, რომ ნატო-ს სტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს, ხოლო მესამე მიმართულება - Total Defence -ტოტალური თავდაცვაა - საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დროებითი ოკუპაციის პირობებში მნიშვნელოვანი კომპონენტი.
გარდა ამისა, მინისტრმა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ მთავარ ამოცანად რეზერვის შექმნა და განათლების კომპონენტის განვითარება რჩება.

















