პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმება არ შეიძლება. ამის შესახებ სახელმწფიოს მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების
წარმომადგენლებისთვის ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის წარდგენაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ახალ მინისტრზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის გამოცდილი ხელმძღვანელია და რამდენიმე დიდ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს.
„საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს ქვეყანაში არსებულ ინსტიტუტებს შორის და ეს პირველ რიგში ჩვენი ოფიცრების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების, ასევე, იმ სწორი რეფორმების, ხელმძღვანელობისა და კურისის დამსახურებაა, რომელიც ჩვენ გავატარეთ“- აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თავდაცვა ყველაზე ფაქიზი, ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოსთვის და რომ არა შეიარაღებული ძალები, დღეს საქართველო როგორც სახელმწიფო არ იარსებებდა.
„ჩვენი სისტემა ეფუძნება პროფესიულ და გაწვევით ჯარს, ამიტომ არ შეიძლება გაწვევითი ჯარის გაუქმება. ეს სულელური იდეაა. რომელ ქვეყანაში არ არის პროფესიული ჯარი, მით უმეტეს, ასეთი გამოწვევის წინაშე მდგარ ქვეყანაში? სინგაპურში საყოველთაო გაწვევაა, ისრაელში და ა.შ. ყველა მოქალაქე ამა თუ იმ ფორმით ქვეყნის თავდაცვაში უნდა იყოს ჩართული“- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ როგორც კი, მისი შვილი სრულწლოვანი გახდება, ჯარში ინტეგრირებული იქნება.
პრეზიდენტის სურვილია ასე ფიქრობდეს საქართველოს ყველა მოქალაქე.
„ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მისმა შვილმა გაიაროს სამხედრო მომზადება. შეძლოს იარაღის ხელში დაჭერა, სროლა და იცოდეს რას წარმოადგენს შეიარაღებული ჯარები მისთვის და მისი ქვეყნისთვის“- განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

















