საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამერიკის ელჩს იან კელის აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტამდე
ერთი კვირით ადრე შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის.
„საქართველოს თავდაცვის რეფორმისთვის აშშ-ის მხრიდან 100 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი დაიხარჯება, რაც საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას მაღალ ხარისხში აიყვანს“ - განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის შემდეგ.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორია თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს პენტაგონში შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. ქართული დელეგაციის წევრები, ასევე, კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრებს გამართავენ.
ამერიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

















