ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის
რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
თავდაცვის სამინისტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რაბათის ციხესთან ღვთისა და ერის წინაშე ფიცი 231 სამხედრო მოსამსახურემ დადო. მათ კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობასა და ჯარისკაცების მშობლებს მადლობა გადაუხადეს.
ფიცის დადების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. კურსის საუკეთესო ინსტრუქტორსა და წარჩინებულ კურსდამთავრებულს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურემ საპატიო სიგელი მიიღო. აღნიშნული სიგელი გადაეცა ასევე ჯარისკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის. ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულიც გამოვლინდა.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ, რომლებსაც მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. პირადი შემადგენლობა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა.
უწყების ცნობით, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. უწყების ცნობით, ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურსაც გაივლიან.

















