ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლიკვიდირებისთვის ამ დროისთვის კვლავ შინაგან საქმეთა
სამინისტროს დანაყოფები არიან მობილიზებული.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი მონაწილეობს.
„ამ დროისთვის, შსს-ს დანაყოფები მობილიზებული არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე და მთის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მეხანძრე-მაშველი და რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი“- ნათქვამია განცხადებაში.

















