ესპანეთში საქართველოს კონსულის მოადგილის, ლია ახალბედაშვილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით,
ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ამის შესახებ ახალბედაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
„ბოლო ინფორმაციით, რომელიც მივიღეთ ესპანეთიდან, მდგომარეობა უცვლელია. გარდაცვლილია 13, ხოლო დაშავებული 80 პიროვნება. აქედან 13 არის მძიმედ. მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. გუშინ იყო კომუნიკაცა. დაგვიკავშირდნენ მოქალაქეები საქართველოდან. იყვნენ აქ დამსვენებლები, ძალიან ახლოს მომხდართან, უზრუნველვყავით, რომ ეს ხალხი საკონსულოში ამოვიყვანეთ. შემდეგ უზრუნველვყავით მათი სასტუმროებამდე მიყვანა, ვინაიდან უშუალოდ ამ ტერიტორიაზე იყო მათი სასტუმროები და ვერ გადაადგილდებოდნენ. ცხელი ხაზი მოქმედებდა მთელი ღამე. თუმცა ღამე აღარ დაფიქსირებულა ზარი“- განაცხადა კონსულის მოადგილემ.
ტერაქტი ესპანეთში გუშინ მოხდა. მიკროავტობუსის საფეხმავლო ზონაში შევარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

















