ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას ქსნის #15-ე დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს, პრესკონფერენციაზე საია-ს თავმჯომარემ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები ცხრა მსჯვრდებულს შეხვდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მსჯვრდებულთა მიმართ უკანონო ქმედებას სისტემატური სახე აქვს.
ჩუგოშვილის განმარტებით, მსჯავრდებულებს რამდენიმე დღით ათავსებენ ნესტიან და ბინძურ აბაზანაში, ასევე, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უკანონოდ ართმევენ ნივთებს, არ აწვდიან ჰიგიენურ საშუალებებს, დასჯის მიზნით კი, საკნიდან არ უშვებენ და გადადგილების უფლებას უზღუდავენ. ასევე, პატიმრები ყვებიან, რომ თებერვალში პერანგის ამარა ღია ფანჯარასთან ამყოფეს, მათ დასასჯელად ელექტროშოკს იყენებენ, საწოლზე აბამენ და თავს იძულებით პარსავენ.
ჩუგოშვილის თქმით, სამმა პატიმარმა ჩვენების მიცემის შემდეგ ვინაობა გაამჟღავნა, ესენი არიან - ბესიკ გულედანი, ზურაბ ნასყიდაშვილი და პაატა მოდებაძე, ხოლო დანარჩენებმა უარი თქვეს.
ამასთან, მსჯავრდებულები კონკრეტულ პირებს ასახელებენ, რომლებიც მათ მიმართ განხორცილებულ უკანონო ქმედებებში მონაწილეობდნენ. ესენი არიან - ქსნის #15-ე დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, მისი მოადგილე ლევან ლეჟავა, ასევე, დიმა ჩხეიძე, გელა იოსავა, ვინმე ფარჯანაძე, უჩა, კახა და დიმა.
საიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 700-მდე მსჯავრდებულმა აღნიშნული ქმედებები გააპროტესტა და სახალხო დამცველს მიმართა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პატიმართა ნაწილი ყოველგვარი განმარტების გარეშე, #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდა.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, საია მთავრ პროკურატურასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს #15-ე დაწესებეულებაში მომხდარის გამოძიება.
ამასთან, ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ ფაქტების გახმაურება პრობლემას არ შეუქმნის განცხადების ავტორთა უსაფრთხოებას და მათ მიმართ არ განხორცილდება მორიგი უკანონო და ღირსების შემლახველი ქმედება.

















