კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსის, პატიმრობაში მყოფი ზაქარია ქინქლაძის ადვოკატი ქეთი ზაქარიაშვილი აცხადებს, რომ ყვარლის
დროებითი მოთავსების იზოლატორში ქინქლაძეს საკვებს არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ადვოკატის თქმით, ზაქარია ქინქლაძის ოჯახის წევრების მიერ იზოლატორში შეგზავნილი ამანათები, მათ შორის ჰიგიენის ნივთები ადრესატამდე არ აღწევს.
ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ზაქარია ქინქლაძე 24 ივნისს დააკავეს. პოლიციაში მას ახმეტის გამგეობის თანამშრომელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა სუხიშვილმა უჩივლა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
27 ივნისს, ზაქარია ქინქლაძის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

















