პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ სააპელაციო
სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა ივანიშვილის საჩივარი მისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენის შესახებ.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კბილაშვილის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის მოულოდენელი არ ყოფილა.
„დღევანდელ რეალობაში სასამართლო არის ყველაზე მოწყვლადი ხელისუფლების ორგანო და შესაბამისად, ის სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა. ეს ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, პირიქით რომ მოხდარიყო, გაგვიკვირდებოდა“-აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ივანიშვილის ადვოკატები საჩივრით უზენაეს სასამართლოს უახლოეს ხანებში მიმართავენ.
ამასთან, კბილაშვილის განცხადებით, მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, ივანიშვილის ადვოკატებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტში საჩივარი უკვე შეიტანეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კოლიაცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების სარჩელი, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

















