კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხირდან ჯარიმის ერთი თვის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოება შეწყდება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, მოვალეს აღსრულების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მასზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს.
„ნებაყოფლობითი ვადა გავიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ვალის გადახდის საშუალება არ აქვს. ერთი თვის განმავლობაში, მოვალეს ნებისმიერ დღეს შეუძლია ვალი გაისტუმროს. ასეთ შემთხვევაში, მაშინვე შეჩერდება სააღსრულებო საქმის წარმოება“- განუცხადა „ნისუპრესს“ მელიამ.
რაც შეეხება მომდევნო სააღსრულებო ღონისძიებებს, მელიას თქმით, იგი დღეიდან იწყება და მოძიებული ან დაყადაღებული ქონების შეფასებას და აუქციონისთვის მომზადებას ითვალისწინებს. ქონების შეფასება და აუქციონზე გატანა კი, ყადაღის დადებიდან 1 თვის განმავლობაში განხორციელდება.
„დაყადაღებული ქონება უნდა შეფასდეს ექსპერტის მიერ და შეფასების აქტის დადების შემდეგ გვეცოდინება, საკმარისია თუ არა იგი ჯარიმის ამოსაღებად“- აღნიშნა მელიამ და დასძინა, რომ შეფასების შემდეგ ქონება აუქციონზე გავა, რომელიც საჯარო იქნება და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება აუქციონისთვის თვალყურის დევნება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს.

















