საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სოფელ მერეთში 26 ივნისს მომხდარი დაპირისპირებისას, სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან აქციის მონაწილეთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაიწყო.
ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულის მიზეზი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები გახდა, რომლის მიხედვითაც ინციდენტში მონაწილე პირები საჯარო მოსამსახურეებს წარმოადგენენ, მათ შორის არიან გორის თვითმართველობისა და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ 27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებისა და 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. მათი ცნობით, დაკავებულ პირებს შორის ზემოხსენებული მოხელეები არ არიან.
„მიგვაჩნია, რომ მსგავს დაპირისპირებაში საჯარო მოხელეთა მონაწილეობა წარმოადგენს როგორც მინიმუმ, საჯარო მოხელისთვის შეუფერებელ ქცევას. საქმის შესწავლისას ჩვენ მოვახდენთ მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევის იდენტიფიცირებას. მასალები უახლოეს დღეებში გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს სათანადო რეაგირების განხორციელების მოთხოვნით, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გორის რაიონის სოფელ მერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ინციდენტი მოხდა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კოალიციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პროვოკაცია ხელისუფლებამ მოაწყო. მათივე თქმით, კოალიციის ლიდერებთან შესახვედრად ბევრი ხალხი გამოვიდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ, ამიტომ დაპირისპირების პროვოცირებისთვის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი 26 ივნისს დააკავა.
ლაშა ჭიღლაძეს, ალექსანდრე ოდიშვილს, ალექსანდრე კიკოლაშვილს და დავით ბზიშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ ათი დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















