შპს „აკას“ მეწილე მაკა ასათიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ ასათიანს ხელისუფლებამ გარიგება შესთავაზა.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასათიანს შპს „აკაში“ (მერსედესის წარმომადგენლობა საქართველოში) სტატუს-კვოს აღდგენა ტელეკომპანია „მაესტროს“ წილის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზეს.
ადვოკატმა ჟურნალისტებს მაკა ასათიანის განცხადება გააცნო, რომელშიც ნათქვამია, რომ რამდენიმე დღეში შპს „აკას“ იძულებითი ლიკვიდაცია დაიწყება, ხოლო ასათიანი და მისი ოჯახი საკმაოდ დიდი აქტივების მქონე ბიზნესს დაკარგავენ.
განცხადებაში მაკა ასათიანი აღნიშნავს, რომ მის ოჯახს უკანონოდ ჩამოერთვა 20 პროცენტიანი წილი „აკაში“ და ის დავით ძოწენიძეს მიეკუთვნა.
„მიმაჩნია, რომ მოცემული ქმედებები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემი, როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის აქტივობასთან და მას ვაფასებ, როგორც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე. ამას კი, დაუყოვნებლივ ვაცნობებ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს“ - ნათქვამია ასათიანის განცხადებაში.
მისი თქმით, ზეწოლით ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს და იგი „მაესტროს“ დაფინანსებას უფრო აქტიურად გააგრძელებს.
„მარიონეტი დავით ძოწენიძის ხელით მებრძვის იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უნდა, რომ შევწყვიტო ყოველგვარი აქტივობა ტელეკომპანია „მაესტროში“. მას და მის უფროსებს პირდაპირ ვეუბნები არას და ვაფრთხილებ, რომ ასეთი მეთოდებით ჩემზე ზეწოლის განხორციელების საშუალებას არ მივცემ, კვლავ გავაგრძელებ უფრო მეტად და აქტიურად ტელეკომპანია „მაესტროს“ დაფინანსებას, რათა ის გაცილებით კარგად მაუწყებლობდეს“ - აცხადებს ასათიანი.
ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, მერსედესის წარმომადგენლობაში ვაჭრობა და სპეკულაცია მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, სამ დღეში შპს „აკას“ იძულებითი ლიკვიდაცია დაიწყება და ამ პროცესის შესაჩერებლად, მაკა ასათიანი სასამართლოში ადმინისტრაციულ სარჩელს შეიტანს.

















