საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული საქართველოს
მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადარიცხვის შემთხვევები დააფიქსირა.
ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზე ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემაა, რომლის განხორციელებაშიც კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები მონაწილეობს.
„თანხების გადმორიცხვა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ისე ხდებოდა, რომ თითოეული გადმომრიცხავი, თანხას ურიცხავს 5, 10 ან მეტ საქართველოში თანხის მიმღებ, ფონდ „ქომაგში" დარეგისტრირებულ პირს“ - აღნიშნულია განცახადებაში.
ინფორმაციის თანახმად, გადმომრიცხავი ფიზიკური პირები - ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა, რიჩარდ ჯეი ტეილორი და სხვები, ვანო ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული პირები არიან, რომელთაც საქართველოსთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს აღნიშნული თანხების მიმღები პირები მოწმის სტატუსით არიან გამოძახებული. მათი დაკითხვა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იწარმოებს. მათი სურვილის შემთხვევაში, დაკითხვის პროცესს ადვოკატები დაესწრებიან“ - აცხადებენ პროკურატურაში.
ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე თანხების მიმღებთა საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე, წინაასარჩევნო პროცესებში შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

















