შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, მართვის მოწმობებისათვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან
დაკავშირებული პირობები და პროცედურები განისაზღვრა.
კერძოდ:
• განისაზღვრა საქართველოსა და სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის ქულათა სისტემის მინიჭების საფუძვლები;
• ქულათა სისტემის ადმინისტრირება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
• საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას განახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაში - სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე;
• განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება, სამართალდამრღვევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ქულების რაოდენობის ყოველი შემცირებისას მართვის მოწმობის მფლობელი გააფრთხილოს მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით;
• განისაზღვრა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა შემცირების სამართლებრივი შედეგები და მისი გასაჩივრების წესი;
• ქულათა კლების სისტემა არ გავრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე.
ბრძანება 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

















