საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი 6 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა. ბრალდებულები დაკავებულ იქნენ აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების 9 000 ლარად რეალიზაციის დროს.
ამასთანავე, გამოვლენილი იქნა ის საწარმო, სადაც ბრალდებულები ახორციელებდნენ აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების დამზადებას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

















