პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარტიის წევრებისთვის წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პროვოკაციების მოწყობას აგრძელებს, თუმცა, ეს ჩვენ არ გვაშინებს და ყველაფრისთვის მზად ვართ“ - აღნიშნა დოლიძემ.
ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების დაკავება მომავალშიც მოხდეს.
დოლიძის თქმით, დაკავებულთა სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩაუნიშნავთ.
შსს-მ დღეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მზადებაში, კერძოდ კი, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას „გადაბირების" მცდელობაში არიან ეჭვმიტანილნი.

















