მიუხედავად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აქციების დაყადაღებისა, „ქართუ ჯგუფი“ და მასში შემავალი ორგანიზაციები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, „ქართუ ჯგუფი“ დაყადაღების ფაქტის გასაჩივრებას აპირებს და ამ ეტაპზე საჩივარი მზადების პროცესშია.
„ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ, საჩივარს თავდაპირველად საქალაქო სასამართლოში შევიტანთ, ხოლო შემდეგ, ზემო ინსტანციებს მივმართავთ“- აღნიშნა ჯავახიშვილმა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, გუშინ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. კოალიციის იურისტები აცხადებენ, რომ ივანიშვილი „ქართუ ბანკსა“ და „ქართუ ჯგუფში“ წილს არ ფლობს.
ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს, გადახდის ვადა მას დღეს, დღის ბოლოს ეწურება. გადაუხდელობის შემთხვევაში აღსრულების ბიურო მომდევნო მოქმედებებზე გადავა, რაც ქონების შეფასებას და მის რეალიზაციას ითვალისწინებს.

















