უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ურჩევს სასამართლო სისტემის შეფასების პროცესში
მოქალაქეთა მოსაზრებებს დაეყრდნონ.
ამის შესახებ კუბლაშვილმა სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭომ ჩაატარა.
„ჩემი აზრით, უფრო გამართული და მიზანშეწონილი იქნება, თუ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მოქალაქეების მოსაზრებებს დაეყრდნობიან“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
მისივე ინფორმაციით, სასამართლოს მომსახურების აღნიშნული კვლევები მხოლოდ მოქალაქეებზე დაყრდნობით შემუშავდა და გამოკითხვაში მონაწილება პროკურორებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს და სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს არ მიუღიათ.
ამასთან, კუბლაშვილს მიაჩნია, რომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე მეტად სანდო ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული გამოკითხვაა.
„ეს სრულად მოქალაქეების შეფასებაა და ამას უნდა დავეყრდნოთ და არა არასამთავობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკითხვებს. გარკვეულწილად ისიც გასათვალისწინებელია, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი შეფასებები მთლიან სისტემას ეხება“ - აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
ევროსაბჭოს მიერ ჩატრებული კვლევების მიხედვით, სასამართლოს მომსახურების ხარისხი 5 ქულიან სისტემაში 4.6 ქულით შეფასდა.

















