კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საქმეზე მომდევნო სააღსრულებო ქმედებები ხვალიდან განხორციელდება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განუცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა დღეს, დღის ბოლომდე აქვს. ვადის ამოწურვის შემდეგ კი - აღსრულების ეროვნული ბიურო მომდევნო ქმედებებს დაიწყებს.
მისი განმარტებით, თუკი მხარეები - ამ შემთხვევაში კონტროლის პალატა და ბიძინა ივანიშვილი სხვა პირობებზე ვერ მორიგდებიან, დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ყადაღის დადებიდან 1 თვის განმავლობაში მოხდება.
„თუ რა შემდგომი ღონისძიებები განხორციელდება, ამაზე დაწვრილებით საუბარი ხვალიდან იქნება შესაძლებელი, როცა ჯარიმის გადახდის ვადა ამოიწურება. დღეს მას ჯერ კიდევ შეუძლია ჯარიმა ნებაყოფლობით გადაიხადოს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ მელიამ და აღნიშნა, რომ დაყადაღებული ქონების შეფასებაც ვადის საბოლოოდ ამოწურვის შემდეგ დაიწყება.
მისივე განცხადებით, ქონებისთვის ყადაღის დადება, ნებაყოფლობითი გადახდის ვადის ამოწურვამდეც შესაძლებელია და კანონი ამის საშუალებას იძლევა.
„კანონით „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ იძლევა იმის საშუალებას, რომ თუნდაც ნებაყოფლობით ვადაში მოხდეს ქონების მოძიება და დაყადაღება. ეს კანონშესაბამისი მოქმედებაა და ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იყო. ეს კლასიკურად ხდება ყველა სტანდარტულ სააღსრულებო წარმოებაში“- აღნიშნა მელიამ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, გუშინ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს.

















