არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელისუფლებას მოუწოდებს გაითვალისწინოს ევროკავშირის რეკომენდაცია და საქართველოს „ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ“ კანონს გადახედოს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მიმდინარე წლის მაისში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ მთელი რიგი რეკომენდაციაა გაცემული.
მისივე თქმით, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ უფრო ინტენსიური უნდა გახადოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკა დე-ფაქტო ხელისუფლებასთნ პრაგმატული თანამშრომლებისა და ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით. ასევე, უნდა გადაიდგას კონსტრუქციული ნაბიჯები ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის, გადაადგილების\ და ინვესტიციების წახალისების მიმართულებით.
ამასთან, ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს გადახედოს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული წინადადებების შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დღემდე უცნობია.
როგორც კაიკაციშვილმა განმარტა, მთავრობის მხრიდან საერთაშორისო რეკომენდაციების გაზიარებას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების კორექტირება უნდა მოჰყვეს.
მისივე თქმით, თუ საქართველო აღნიშნულ კანონს გადახედავს, პირველ ეტაპზე ეკონომიკური საქმიანობა უნდა განახლდეს და მხარეებს შორის ახალი კონტაქტები დამყარდეს. ამ მიზნით, სპეციალური ეკონომიკური ზონა უნდა შეიქმნას.
ამასთან, ორგანიზაცია წარმატებულ დიპლომატიურ ნაბიჯად მიიჩნევს, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შემოღებას, თუმცა, იზიარებს ევროკავშირის განცხადებას, რომ აღნიშნული დოკუმენტი მგზავრობის ერთადერთი შესაძლებლობა არ უნდა იყოს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ოფიციალური წერილით მიმართავენ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და სთხოვენ საზოგადოების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, შემუშავდა თუ არა სამოქმედო გეგმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

















