სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ოთხი პიროვნებიდან ორი კოალიციის მხარდამჭერია.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ შიოშვილმა განუცხადა, ალექსანდრე კიკოლაშვილი და დავით ბზიშვილი ინციდენტში არ მონაწილეობდნენ, ხოლო დარჩენილი 2 პიროვნება გორის რაიონული სამაშველო სამსახურის თანამშრომელია.
მისი თქმით, მერეთში ჩხუბი სწორედ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს, რომლებიც შეხვედრაზე სამსახურის უფროსთან კახა ლომიძესთან ერთად იმყოფებოდნენ, რათა საჭიროების შემთხვევაში ხალხი დაერბიათ.
„კახა ლომიძე გორის რაიონული სამაშველო სამსახურის უფროსია და კადრებს თუ ნახავთ, იქ აშკარად ჩანს. თავისი მოადგილითა და ჯგუფით იყო ამოსული და ჩხუბი სწორედ მან წამოიწყო. რამდენადაც ვიცი, სამაშველო სამსახური პირდაპირ ექვემდებარება შსს-ს. უკეთესი იქნებოდა, რომ შსს-მ ჯერ გადაამოწმოს ინფორმაცია და ამის მერე გაავრცელოს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ შიოშვილმა და აღნიშნა, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაპირისპირებაში შსს-ს თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
შიოშვილის თქმით, დაკავებულებს 10 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა, იურისტები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
„ჩვენი აქტივისტებიდან ერთი თავადაა დაზარალებული, მას სამჯერ სცემეს და არც ფიზიკურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვინმე თავად სცემოს, ხოლო მეორე პიროვნება ალექსანდრე კიკოლაშვილი შეხლა-შემოხლაში არ მონაწილეობდა. ის შეხვედრის განმავლობაში ირაკლი ალასანიას გვერდით იდგა“- აღნიშნა შიოშვილმა და დასძინა, რომ დაკავებულების უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები იცავენ.
პოლიციამ სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი გუშინ დააკავა. ლაშა ჭიღლაძეს, ალექსანდრე ოდიშვილს, ალექსანდრე კიკოლაშვილს და დავით ბზიშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ ათი დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შსს-ს ცნობით, ინციდენტის დროს, სიტყვიერ შეურაცხყოფას შეხლა-შემოხლა მოჰყვა და აღნიშნულმა პირებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სინამდვილეს არ შეეფერება“- ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გორის რაიონის სოფელ მერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ინციდენტი მოხდა. კოალიციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პროვოკაცია ხელისუფლებამ მოაწყო. მათივე თქმით, კოალიციის ლიდერებთან შესახვედრად ბევრი ხალხი გამოვიდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ, ამიტომ დაპირისპირების პროვოცირებისთვის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

















