თბილისის საქალაქო სასამართლომ, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური
სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
სასამართლო დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს შორის - „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“. „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ სოლიდარობის პრინციპით გადანაწილდება.
„სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ისეთი ფაქტები, რომელთა მასალაც მას თავად არ გამოუკვლევია. დაეყრდნო სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც დაჯარიმებული პირების ნაწილი მხარეს საერთოდ არ წარმოადგენდა. ეს არის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, რომლის თანახმად, პირს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სანქცია, ისეთი ვითომდა ფაქტების გამო, რომელიც მისი მონაწილეობით არ გამოკვლეულა სასამართლოში“ - აღნიშნა კოალიციის ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ.
დაკისრებული ჯარიმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. კოალიციის წევრების შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
კონტროლის პალატის განცხადების თანახმად, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

















