თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მორიგი ოქმი გუშინ განიხილა, რომლის მიხედვით, მონიტორინგის სამსახური „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების დაჯარიმებას ითხოვს.
როგორც „ქართული ოცნების“ ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, კონტროლის პალატამ მორიგი უკანონო ოქმები გამოსცა, რომლითაც 7 ორგანიზაციის დაჯარიმება მოითხოვა.
„ამათგან ერთი ისეთია, რომელიც პოლიტიკური ორგანიზაცია საერთოდ არ არის და რამდენიმე მათგანს საქმესთან შეხება საერთოდ არ აქვს. ამის მიუხედავად კონტროლის პალატა ითხოვს პარტიების ერთობლივად, ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას, საუბარია დაახლოებით 2,5 მლნ ლარზე“- განაცხადა ბარამიძემ.
კონტროლის პალატის განცხადებით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

















