აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ აქციების დაყადაღებაზე, მოულოდნელი არ ყოფილა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სამართლებრივად, სააღსრულებოს „ქართუ ბანკსა“ და „ქართუ ჯგუფში“ ანგარიშების დაყადაღება არ შეეძლო, რადგან ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ ორაგნიზაციებში წილს არ ფლობს.
„თუკი ეს მართლაც გააკეთა, რა თქმა უნდა, უკანონო ქმედებაა, მაგრამ ალბათ ეს ქმედება სიურპრიზიც არ უნდა იყოს, რადგან თვით თანხის დაკისრება რა მეთოდითაც მოხდა, იმ მეთოდის გათვალისწინებით, ეს უკანონობა მოსალოდნელიც იყო“- განუცხადა „ნიუსპრესს“ კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, იქ ივანიშვილი წილს მართლაც ფლობდა და ამ შემთხვევაში პრეტენზია არ არსებობს.
კბილაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც აღმასრულებელი ყადაღას ადებს სხვის ქონებას, დაყადაღებული ქონების მფლობელი უფლებამოსილია სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და ქონების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვს.
„მოსალოდნელია, რომ ასეთი სარჩელი შევიდეს სასამართლოში, სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ მფლობელის მიერ და მან მოითხოვოს ყადაღისგან ქონების გათავისუფლება. ისიც მოსალოდნელია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, რადგან ყველა ვხედავთ, ყადაღის შესახებ გადაწყვეტილება არა აღმასრულებლის, არამედ ხელისუფლების მიერაა მიღებული. შესაბამისად, სასამართლო იმას გააკეთებს, რაც ხელისუფლებას აქვს ჩაფიქრებული“- განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ საბოლოო ჯამში აღნიშნულმა საქმემ შესაძლოა, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლოს.
მისივე თქმით, თუკი ბანკის აქტივი და ღირებულება 75 მლნ-ს შეადგენს, ამით აღსრულება დაკმაყოფილდება, თუ არადა გაგრძელდება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. ამის შესახებ ინფორმაცია აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს.

















