თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
დღეს საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მორიგი ოქმი განიხილა, რომლის მიხედვით, მონიტორინგის სამსახური „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების დაჯარიმებას ითხოვს.
როგორც „ქართული ოცნების“ ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, კონტროლის პალატამ მორიგი უკანონო ოქმები გამოსცა, რომლითაც 7 ორგანიზაციის დაჯარიმება მოითხოვა.
„ამათგან ერთი ისეთია, რომელიც პოლიტიკური ორგანიზაცია საერთოდ არ არის და რამდენიმე მათგანს საქმესთან შეხება საერთოდ არ აქვს. ამის მიუხედავად კონტროლის პალატა ითხოვს პარტიების ერთობლივად, ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას, საუბარია დაახლოებით 2,5 მლნ ლარზე“- განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ როგორც ჩანს, კონტროლის პალატის საბოლოო მიზანი პოლიტიკური პარტიებსთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მოსპობაა.
კონტროლის პალატამ განცხადება გუშინ გაავრცელა, რომლის მიხედვით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

















