საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, დღეს სახალხო დამცველმა და საია-ს თავმჯდომარემ დიღმის #2-ე დროებითი მოთავსების იზოლატორს პოსტერები და ბროშურები გადასცა.
საია-ს ინფორმაციით, აღნიშნული ბროშურები უფლებების შესახებ თავისუფლებააღკვეთილ პირთა ინფორმირებას შეუწყობს ხელს, რამაც არასათანადო მოპყობისა და წამების პრევენციის კუთხით გარკვეული როლი უნდა შეასრულოს.
პოსტერები და ბროშურები, რომლებიც სახალხო დამცველისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ ფარგლებში მომზადდა, როგორც სისხლის სამართლის, ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებისთვისაა განკუთვნილი.
ამასთან, ეროვნული უმცირესობების უფლებების გათვალისწინებით, პოსტერები და ბროშურები სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეც მომზადდა.
საია-ს ინფორმაციით, პოსტერები და ბროშურები „პრევენციის ეროვნული მექანიზმის“ ზაფხულის მონიტორინგის დროს საქართველოს მასშტაბით, დროებითი მოთავსების სხვა იზოლატორებსაც გადაეცემა.

















