გორის რაიონის სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.
როგორც დღეს დეტექტივმა გიორგი ბუხრაშვილმა განაცხადა, დაპირისპირების მონაწილეები უკვე იდენტიფიცირებულია და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.
სოფელ მერეთში „ქართული ოცნების“ ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მოსახლეობასთან შეხვედრაზე შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც კოალიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ინციდენტი ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.
„ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამაზ შიოშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ბევრი ხალხი გავიდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ, ამიტომ დაპირისპირების პროვოცირებისთვის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც კი გამოიძახეს.
„ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ისინი ახალგაზრდა ბიჭები არიან და საავადმყოფოში არ წასულან. ორი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, საკმაოდ მძიმე იყო და ისინი საავადმყოფოში გადავიყვანეთ“-განაცხადა შიოშვილმა.

















