კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მასში შემავალ სუბიექტებს კონტოლის პალატის გუშინდელი განცხადების შესაბამისად, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებიათ და საქმეზე სასამართლო წარმოება ვერ დაიწყება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“„ქართული ოცნების“ იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
„კონტროლის პალატა განცხადებაში წერს, რომ სასამართლოს გადაეცა დარღვევის ფაქტების შესახებ საქმე. ეს ტყუილია, რადგან არათუ სასამართლოს, ჩვენც კი არ ჩაგვბარებია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ე.წ. უკანონო შემოწირულობის თაობაზე“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ განიხილავს სამართალდარღვევის ოქმს თუ ოქმი არ ჩაბარდება მხარეს და მხარე მას არ გაასაჩივრებს ან არ ჩატარდება ადმინისტრაციული წარმოება.
„არ ჩაგვბარებია სამარღალდარღვევის ოქმი, შესაბამისად, არც შესაძლებლობა მოგვცემია, რომ გაგვესაჩივრებინა ან უარი გვეთქვა გასაჩივრებაზე. ასე, რომ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე გადაეცა სასამართლოს ერთ დიდ ტყუილს წარმოადგენს იქითკენ მიმართულს, რომ გაამართლოს პრეზიდენტის განცხადება, რაც მან ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით მოქმედებაზე გააკეთა“ - განაცხადა ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის განცხადება პოლიტიკური ხასიათისაა და მას სამართალთან საერთო არაფერი აქვს.
მისი განმარტებით, ოქმი თავდაპირველად უნდა ჩაბარდეს დამრღვევ პირს და თუ ეს დამრღვევი პირი არ გაასაჩივრებს მას, მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა საქმე სასამართლოს.
კონტროლის პალატის გუშინდელი განცხადების შესაბამისად, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები: საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები,” „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ , „კონსერვატორული პარტია“ და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული.
„უკანონო შემოწირულობის მიმღებ პოლიტიკურ პარტიებს წერილობით მიეცათ წინადადება პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უკანონო შემოწირულება დაებრუნებინათ შემომწირველისათვის. თუმცა, ზემოაღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი განაცხადეს ორგანული კანონის და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სახეზეა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის პირველი პუნქტით გათვალსიწინებული მოთხოვნების დარღვევა“ - ნათქვამია პალატის განცხადებაში.
საქართველოს კონტროლის პალატამ ყველა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტია სამართალდამრღვევად სცნო და მათი განცხადებით, ადმინისტრაციული საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნა.

















