კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა და ადვოკატმა თედო კობახიძემ საქართველოს მთავარ პროკურატურაში კოალიციის წევრების მიმართ განხორციელებული
ზეწოლის ფაქტების შესახებ საჩივარი შეიტანეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სოზარ სუბარმა განუცხადა, ზეწოლის კონკრეტული შემთხვევა მარნეულში მოხდა, სადაც სოფელ ორჯონიკიძეში მცხოვრებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრ ალექსანდრე კუჭაშვილს რამდენჯერმე დაემუქრნენ.
სუბარის ცნობით, კუჭაშვილი პარტიულ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც მას სოფლის რწმუნებული ფოლად ისმაილოვი დაემუქრა და უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტდა საქმიანობას, კუდ-ის თანამშრომლებთან ექნებოდა საქმე.
„იგი ასევე ემუქრებოდა მის თანასოფლელებს, ცდილობდა ჩაეშალა მათი შეხვედრები. ზეწოლამ და მუქარამ ისეთი ინტენსიური ხასიათი მიიღო, რომ კუჭაშვილი იძულებული გახდა ოჯახი სოფლიდან წაეყვანა და სხვა სხვა სოფელში გადასულიყო. მან ოჯახი სოფელ წერეთელში, ცოლის ნათესავებთან გადაიყვანა, ხოლო თვითონ იქ არ ათვედა ღამეს და სხვაგან იმალებოდა“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ სუბარმა და აღნიშნა, რომ კუჭაშვილის ოჯახს 18 ივნისს ღამის 3 საათზე ნიღბიანები მართლაც შეუცვივდენ, ოჯახი დააწიოკეს და კუჭაშვილის პოვნის მიზნით ყველაფერი გაჩხრიკეს, თუმცა, იგი ვერ იპოვეს.
„ამის შემდეგ დაიბარეს, მაინც დავიჭერთ და ცხვირ-პირს დავუნგრევთო. ეს არის პოლიტიკური დევნა, ხოლო რასაც ბატონი ისმაილოვი ახორციელებდა სერიოზული კრიმინალია“- აღნიშნა სუბარმა.
მისივე თქმით, კოალცია კატეგორიულად მოითხოვს, დაისაჯოს ფოლად ისმაილოვი და დადგინდნეს თავდასხმაში მონაწილე პირთა ვინაობა. როგორც სუბარმა აღნიშნა, საჩივარი პროკურატურის მარნეულის სამმართველოში შეიტანეს, რის საფუძველზეც დღეს კუჭაშვილი უკვე დაიკითხა.
„ამავე დროს ვაცნობებთ უწყებათაშორის კომისიას, რომ განიხილონ ეს ფაქტი, როგორც სამართლიანი არჩევნებისთვის ჩატარებისთვის ხელის შეშლის მცდელობა. ასევე მივმართავთ სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიას, რათა იცოდნენ აღნიშნული ფაქტის შესახებ და რეაგირება მოახდინონ“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ სუბარმა და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ობიექტურობის იმედი არ აქვთ, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებისა და კოალიციის ძალისხმევით აიძულებენ ფაქტს რეაგირება მიეცეს.

















