სამართალდამცავებმა 10 000 აშშ დოლარის თაღლითურად მისაკუთრების ფაქტზე მოქალაქე ვალერი გაბელია დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოში მოქალაქე ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ ბაშაევის განცხადების საფუძველზე, თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2009 წლის დასაწყისში, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ვალერი გაბელიამ ჰიჯრან ალიევისა და ჰაბილ ბაშაევისგან თაღლითურად მიისაკუთრა 10 000 აშშ დოლარი. თანხის სანაცვლოდ გაბელია მათ ნათესავის ნასიმ იბრაგიმოვის შესაწყალებელ პირთა სიაში მოხვედრას პირდებოდა.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე მოქალაქე ვალერი გაბელია 23 ივნისს ბრალდებულის სტატუსით დააკავეს.

















