თელავის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის ოფისის ხელმძღვანელს ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ქინქლაძეს ბრალად ხულიგნობა ედება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ახმეტის რაიონულ სამმართველოში გამოძიება პაატა სუხიშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 24 ივნისს დაახლოებით 08:30 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი პაატა სუხიშვილი, კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომანქანით, დედასთან მედეა სუხიშვილთან ერთად ქალაქ ახმეტის ბაზართან იმყოფებოდა, სადაც მათ ავტოსადგომის მუშაკის მითითებით ავტომანქანა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ქართული ოცნების" ოფისის წინ გააჩარეს, თავად კი, შევიდნენ ბაზარში. ბაზრიდან გამოსვლის შემდეგ მათთან, კუთვნილი ავტომანქანით, მივიდა „ქართული ოცნების" ახმეტის ოფისის ხელმძღვანელი ზაქარია ქინქლაძე, რომელმაც სუხიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემთხვევას 40-მდე თვითმხილველი შეესწრო.
ფაქტთან დაკავშირებით პაატა სუხიშვილი, დედამისი და შემთხვევის შემსწრე ტრისტან ბერძენიშვილი დაიკითხნენ. ასევე დაიკითხა ავტოსადგომის მუშაკი ზურაბ მაისურაძე, რომელმაც შეკამათების ფაქტი დაადასტურა.
შსს-ს ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ზაქარია ქინქლაძეს 25 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

















