შსს სასაზღვრო პოლიციამ ფოთის პორტის მე–4 ნავმისადგომთან ზღვის დაბინძურების ფაქტზე ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავი გემი "MOSELDIJK"–ი დააკავა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ოპერაცია სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს ფოთის საგამოძიებო–ოპერატიული განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული სასაზღვრო–პოლიციური ღონისძიებების შედეგად განხორციელდა.
აღნიშნული გემის კაპიტნის, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის იური კობას მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მუხლის VII ნაწილით აღიძრა.
ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავ გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ჯარიმა 65 000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 17 600 ლარის ოდენობით დაეკისრა.

















