არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ხელისუფლებას კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით უზრუნვეყოფილი სიტყვისა და აზრის გამოხატვის
თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ირგვლივ განთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის მედიის როლის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება მედიის უფლებაცაა და ვალდებულებაც, სახელმწიფო კი, ვალდებულია მედიის თავისუფლება უზრუნველყოს.
„სახელმწიფომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მედიის ცენზურისას ან მათი საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლის დროს. კერძოდ, მედიასაშუალების დახურვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ მისი არსებობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ინტერესებს, სახელმწიფოს უშიშროებასა და კონსტიტუციურ წყობას“- ნათქვამია განცხადებაში.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ გამჭვირვალე უნდა იყოს, ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ბრალდება ეფექტურად და ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული, რათა დაცული იყოს მედიის უფლება - გაავრცელოს ინფორმაცია და საზოგადოების უფლება - მიიღოს განსხვავებული ინფორმაცია სხვადასხვა წყაროს მეშვეობით.

















