საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს 1 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა აღნიშნული ყალბის აქციზური მარკების 750 000 ლარად რეალიზაციის დროს. ყალბი აქციზური მარკების გამოყენებისა და რეალიზაციაში ჩაშვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 2 550 000 ლარის ოდენობის ზიანი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის "ა" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















