შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებს დღეს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის სერტიფიკატები გადაეცათ.
შსს-ს ინფორმაციით, სერტიფიკატები შსს-ს სხვადასხვა უწყებების იმ მოქმედ თანამშრომლებს გადაეცათ, რომლებმაც შსს აკადემიის ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში სწავლების სასერტიფიკაციო კურსი გაიარეს.
ცენტრი ამჟამად 150 მოქმედ პოლიციელს ამზადებს. სწავლების პროცესს ქართველ პედაგოგებთან ერთად ინგლისურენოვანი პედაგოგებიც ახორციელებენ.
აკადემიაში ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი 2008 წლის 7 მარტს შსს აკადემიის, საქართველოში ეუთოს მისიისა და აშშ საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნა. აღნიშნული პროექტი მიზნად საქართველოში მოქმედი პოლიციელებისთვის ინგლისური ენის სწავლებას ისახავს.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას საქართველოს შსს აკადემიის წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

















