კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე პროკურატურა კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 20 ივნისს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიუთითებს, რომ კონტროლის პალატის წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან გრძელდება ამომრჩევლებისათვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემა. აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს გამოძიების ფარგლებში“ - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოძიებამ დააყადაღა კომპანია „ელიტა ბურჯის“, კომპლექს „ციცინათელას“ და სხვადასხვა კომპანიების საწყობებში არსებული ანტენები. ამჟამად, დაყადაღების პროცესი დასრულებულია.
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

















